სამწუხაროდ, 2013 წლის 23 აპრილს სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გაზაფხულის სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ მივიღეთ პირველი უარყოფითი შედეგი: საქართველომ ვერ შეძლო, შეენარჩუნებინა ის პოზიციები ევროპის საბჭოში, რაც მან 2008 აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის, ქვეყნის ორი რეგიონის მიმდინარე ოკუპაციისა და ანექსიის ფონზე მოიპოვა.
2013 წლის ევროპის საბჭოს მინისტერიალის მოსამზადებელ დოკუმენტებში (დღის წესრიგი, სავარაუდო გადაწყვეტილებები) საკითხი “ევროპის საბჭოს და კონფლიქტი საქართველოში” საერთოდ აღარ ფიგურირებს და, საეჭვოა, დარჩენილ 10 დღეში პროცედურულად ამ პრობლემის გამოსწორება მოესწროს.
სტრასბურგში პრემიერ ივანიშვილის მიერ რუსეთისადმი ტონის შერბილებამ გამოიწვია რუსული დიპლომატიის გააქტიურება და ხელისუფლების სერიოზული დიპლომატიური მარცხიც სახეზეა.
ამასთან, სტრასბურგიდან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის ვადაზე ადრე, პოლიტიკური ნიშნით გამოწვევამ დაასუსტა ევროპის საბჭოში ქართული დიპლომატიის ძალისხმევა და გააქტიურებულ რუსულ დიპლომატიას ვერ დაუპირისპირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადექვატური ძალისხმევა.
გასულ პარასკევს, 5 მაისს 24 საათის დამატება Weekend-ში გამოვაქვეყნე წერილი “ევროპის საბჭო: საქართველოს პოზიციები დღევანდელი მდგომარეობით და მომავლის გამოწვევები”, სადაც აღვნიშნე: “საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ამოცანაა, შეინარჩუნის რუსეთ-საქართველოს ომის საკითხი ევროპის საბჭოს უმაღლესი ორგანოს დღის წესრიგში.” (გთხოვთ, იხილოთ ბმული http://24saati.ge/index.php/category/opinion/2013-05-05/37760.html )
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ორგანიზაციის უმაღლესი ორგანოა და წელიწადში ერთხელ, მაისში წევრი-სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იკრიბება. დანარჩენ პერიოდში კომიტეტი ელჩების დონეზე მუშაობს.
2008 აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის შემდგომ საკითხი “ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში” მუდმივად იდგა მინისტრთა კომიტეტის რეგულარული სხდომების დღის წესრიგში, ხოლო მინისტერიალებზე მიიღებოდა სპეციალური გადაწყვეტილება (მაგალითად, 2009 და 2011 წლებში) და/ან ცალკე პუნქტად იდო დღის წესრიგში და მინისტრები ცნობად იღებდნენ ერთი წლის განმავლობაში 2008 წლის ომის თემატიკაზე ევროპის საბჭოს მიერ გაწეულ საქმიანობას (მაგალითად, 2009, 2010 და 2012 წლებში).
დღის წესრიგიდან საკითხის მოხსნას შეიძლება მოჰყვეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის შახებ ანგარიშების მომზადების შეწყვეტა. ამჟამად, სწორედ ქართული დიპლომატიის ძალისხმევით, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი 6 თვეში ერთხელ წარმოადგენს ამგვარ ანგარიშს, რომელიც მინისტერიალზე ეცნობა ევროპის საბჭოს ყველა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს.
უფრო მეტიც, ყოველ ასეთი ანგარიშის განხილვას თან სდევს ევროკავშირის სპეციალური განცხადება, რომელშიც მუდმივად დაფიქსირებულია ევროკავშირის პოზიციის ურყევობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით. ამასთან, ამ განცხადებას უერთდება ევროპის საბჭოს წევრთა იმ ნაწილის უმრავლესობა, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები; (გთხოვთ, ამ საკითხზე ასევე იხილოთ ევროპის საბჭოდან ახლახანს ვადაზე ადრე გამოწვეული მუდმივი წარმომადგენლის, მამუკა ჟღენტის წერილი ჟურნალ "ტაბულას" ვებგვერდზე http://www.tabula.ge/article-30601.html )
გასათვალისწინებელია, რომ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჟენევის მოლაპარაკებების II სამუშო ჯგუფისთვის, სადაც სწორედ ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხები იხილება. თუ საქართველო პოზიციებს დაკარგავს მინისტრთა კომიტეტში და, შემდგომ, გაქრება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის აღმწერი ეს იშვიათი მექანიზმი, მაშინ შესუსუტდება საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხების დასმა ჟენევის მოლაპარაკებების II სამუშაო ჯგუფში.
კიდევ უფრო სავალალო ისაა, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტზე პოზიციების შესუსტებას, შესაძლოა, მოჰყვეს პოზიციების შესუსტება საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც აუცილებელია მონიტორინგის კომიტეტის მიერ ინიცირებული და ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციების (1633, 1647 და 1683) შესრულებაზე სერიოზული კონტროლის მექანიზმების ამუშავება. ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაკლი სწორედ ის იყო, რომ მან ასამბლეას არ მოუწოდა რეზოლუცია 1683-ის შესასრულებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.